რუსეთში ჩინეთიდან ექსპორტი 20%-ზე მეტად გაიზარდა

რუსეთში ჩინეთიდან ექსპორტი სექტემბერში უკვე ზედიზედ მესამედ ორნიშნა მაჩვენებლით გაიზარდა, რაც გლობალურად ეკონომიკის შენელებისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო შემცირებული საგარეო მოთხოვნის ფონზე, ერთგვარი გამონაკლისია.

ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით, Reuters-ის გამოთვლები აჩენებს, რომ გასულ წელთან შედარებით, სექტემბერში რუსეთში ჩინეთის საქონლის მიწოდება 21,2%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ჩამორჩება აგვისტოში ექსპორტის 26,5%-იან ზრდას, მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის ექსპორტის ზრდის ზოგად მაჩვენებელს 5,7%-ს. აღსანიშნავია, რომ ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით, მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ, ჩინურ საქონელზე მოთხოვნა შეამცირა.

რუსეთში ჩინეთის ექსპორტი მოიცავდა სმარტფონებს, გენერატორებს, ექსკავატორებს და კონტეინერებს.

საბაჟოს მონაცემების თანახმად, ჩინეთში რუსეთიდან იმპორტი 55,2%-ით გაიზარდა, რაც აგვისტოს 59,3%-იან ზრდას ჩამორჩება.

სექტემბერში, გასულ წელთან შედარებით, ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი 22%-ით გაიზარდა და 7,46 მლნ ტონა შეადგინა, რაც დღიურ 1,82 მლნ ბარელს ნიშნავს. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 1,96 მლნ ბარელს შეადგენდა.

იმის გამო, რომ დასავლური ქვეყნები რუსეთთან თანამშრომლობას ერიდებიან, მოსკოვისთვის პეკინთან თანამშრომლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა პირველ ცხრა თვეში 32.5%-ით, $136.09 მილიარდამდე გაიზარდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *