პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა რეპრესიები კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენების მიმართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითიც გამოეხმაურა პსპ-ს აფთიაქთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას.
რომან გოცირიძის შეფასებით, ეს განცხადებაზე ჭორებზე დაფუძნებული და დემაგოგიური იყო და პრემიერ-მინისტრმა პსპ-ს მფლობელს კახა ოქრიაშვილს ბოდიში უნდა მოუხადოს.
„ყოველთვის, რაც პოლიტიკაში ვარ, წინააღმდეგი ვიყავი ბიზნესის მონაწილეობის პირდაპირ პოლიტიკურ ცხოვრებაში. პარლამენტში ბიზნესის წარმომადგენლებს და მაჟორიტარებს არაფერი გაუკეთებიათ სასიკეთო, პირიქით, ძალიან დააკნინეს პოლიტიკური პროცესი. ეს არის ჩემი ზოგადი მიდგმა და ოლიგარქის შესახებ კანონსაც ვუჭერდი და დღემდე ვუჭერ მხარს, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, როდესაც ოლიგარქის სტატუსს ანიჭებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვის ჩაწერს ამ სიაში და ვის არ ჩაწერს ნათელი და გასაგებია. მაგრამ ეს სხვა საკითხია, საკითხი კი ეხება იმას, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა რეპრესიები კრიტიკულად განწყობილი ბიზნესმენების მიმართ. გუშინ წარმოუდგენელი რამ თქვა, ჭორებით საუბრობს პრემიერ-მინისტრი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ თურმე პსპ-ში ცუდი რამე ხდება, ვინაიდან აფთიაქში გამყიდველმა კლიენტს შესთავაზა განსხვავებული წამალი და თქვა, რომელი გირჩევნია თურქული უხარისხო თუ ხარისხიანი ევროპულიო და ამ ჭორზე მან ააგო დემაგოგიური მსჯელობა და დავალება მისცა ძალოვან სტრუქტურებს, რომ გაუსწორდნენ პარლამენტში ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი დეპუტატის ბიზნესს. ეს არის პირდაპირი პოლიტიკური დევნის ახალი ფორმის გამოყენება. ეს განცხადება იყო დემაგოგიური და არასწორი ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ბოდიში უნდა მოუხადოს კახა ოქრიაშვილს, იმისთვის, რომ მას დასწამა ცილი. მართლაც რომ ყოფილიყო ასეთი ერთი შემთხვევა, მან განაზოგადა და პოლიტიკური დევნისთვის გამოიყენა. ამიტომ არ გენდობათ არავინ!“- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, პსპ- ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი. მისი თქმით, დავალებაა ასეთი, რომ გამყიდველი ეუბნება მყიდველს: „რომელი წამალი გნებავთ, ხარისხიანი თუ უხარისხო თურქული?“ მთავრობის მეთაურის განცხადებით, თითოეულ ასეთ შემთხვევას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.
ადვოკატი: