რა წერია ევროპის საბჭოს ანგარიშში საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების მდგომარეობაზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა 2021 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოს პენიტენციური დაწესებულებებში მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოს ციხეების მართვის სისტემა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

  • პატიმრებსა და მათ ოჯახის წევრებს დაწესებულებებს შიგნით ძალადობასა და უთანასწორო მოპყრობაზე ბევრჯერ უსაუბრიათ.

დეტალები: ანგარიშში საუბარია პატიმრებს შორის არაფორმალური იერარქიის არსებობაზე. მათი დაკვირვებით, ყველა ციხეში, სადაც დელეგაცია იმყოფებოდა, ჩანდა უთანასწორობა, როდესაც ზოგიერთ პატიმარს უფრო კომფორტული საკანი ჰქონდა, სხვებთან შედარებით.

  • დოკუმენტში წერია, რომ დელეგაციის წევრებს უკანონო ფონდის, ე.წ. ობშიაკის არსებობის შესახებ ბევრმა პატიმარმა დაუდასტურა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ბევრ პატიმარს დელეგაციასთან საუბრის ეშინოდა, ზოგიერთმა მათგანმა მათ უთხრა, თანამესაკნეების მხრიდან შეურაცხყოფასა და მუქარაზე.
  • რუსთავის #17 დაწესებულებაში ვიზიტისას დელეგაცია მოწმე გახდა ჩხუბის შედეგად პატიმრის ჰოსპიტალიზირებისა.
  • კომიტეტი, ასევე, მიუთითებს შემთხვევაზე, როდესაც მასობრივი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი პატიმარი დაიღუპა.

რა წერია ციხის პერსონალზე: ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას ციხეების პერსონალის მხრიდან პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობების შემთხვევები არ დაუფიქსირებიათ.

  • მათივე დაკვირვებით სამივე პენიტენციურ დაწესებულებაში პერსონალის რიცხვი მნიშვნელოვნად მცირეა იმისათვის, რომ სრული კონტროლი გახდეს შესაძლებელი.

სად და როდის ჩატარდა კვლევა: ანგარიშში აღნიშნულია, რომ დელეგაციამ გეგუთის #14, ქსნის #15 და რუსთავის #17 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტები 2021 წლის 17-21 მაისს ჰქონდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *