პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამ დღეების განმავლობაში კიდევ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ ისაუბრებენ ძალადობის გამომწვევ პრობლემებზე, ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და მისი დაძლევისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე.
წილოსანმა საზოგადოებას მოუწოდა, გაერთიანებული ძალებით ებრძოლონ როგორც ქალთა მიმართ, ასევე ზოგადად, ძალადობას.
“მსოფლიო შეთანხმდა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობა დიდწილად, ქალების წინააღმდეგ არის მიმართული. ამ რეალობის აღიარებას და აღნიშნული პრობლემის მასშტაბს მსოფლიოს მხრიდან რეაქცია მოჰყვა – ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ცალკე მნიშვნელოვან საკვანძო საკითხად იქნა გამოყოფილი, ძალისხმევა ჩაიდო აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად. ძალადობის ამ საშინელი ფორმის დასამარცხებლად ოქროს მოდელი არსებობს – კანონმდებლობის სათანადო ცვლილება და მისი შემდგომი ეფექტურად აღსრულება, მენტალური ცვლილებები საზოგადოებაში ქალებთან დაკავშირებული როლების შესახებ, ასევე განათლების სისტემის მეშვეობით იმ სტერეოტიპული დამოკიდებულებების დამსხვრევა, რომელიც არსებობს და განუწყვეტელი რეფორმები. ყოველწლიურად საქართველოში 10 000-მდე შემაკავებელი ორდერი გამოიცემა და ათეულობით დაკარგული ქალის სიცოცხლე არ გვაძლევს მშვიდად ყოფნის საშუალებას, თუმცა ჩვენს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა – დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებიდან, სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციამდე. ამან მოგვცა მოცემულობა, რომ ყოველწლიურად შემაკავებელი ორდერების რაოდენობა მზარდია, რომელსაც ჩვენც და სექტორიც აფასებს დადებით ტენდენციად იმიტომ, რომ ძალადობა არ უნდა დარჩეს დაფარული, რადგან ძალადობის პირდაპირი მსხვერპლი არიან ქალები, მაგრამ ამავდროულად ძალადობის მსხვერპლი არიან ბავშვები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ადვოკატი: