“ოცნების” ვაჭრობა EU-ს სტრუქტურებთან და კანდიდატის სტატუსი – ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემაჯამებელი მიგნებები

 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში გიორგი ვაშაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ვიზიტი გაიმართა. ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ALDE-ს წევრ პარტიათა ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მიღება, თუმცა შეხვედრები ასევე შედგა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს და ჩვენი რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ევროკომისიის მიერ შედგენილ 12 პუნქტზე.
 
წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შემაჯამებელ მიგნებებს:

  • ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან რომ საქართველოს ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისათვის რომ 2022 წლის ივნისში მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა ქართული ოცნების მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა, ისევე როგორც, რიგ შემთხვევებში არ გადადგმულმა ნაბიჯებმა დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, განაპირობა სტატუსზე უარი და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12 პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა;
  •  2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის 12 პუნქტთან მიართებაში, მაღალი ალბათობით რაიმე სახის შეფასება არ იქნება;
  • შეფასების მომზადება დაიწყება 2023 წლის თებერვალ-მარტში; მანამდე დაწყების აზრს ვერ ხედავენ რადგან ამ წუთისთვის სახეზე არაა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი მოთხოვნათა შესრულების კუთხით;
  • შეფასება დასრულდება და გასაჯაროვდება 2023 წლის ბოლოს;
  • შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური – ანუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს;
  • ასეთი მაღალი ალბათობის საფუველს წარმოადგენს ის ფაქტი რომ ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირი ელოდება არა მხოლოდ გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ რეალურ, პრაქტიკულ შედეგებს, რომლებიც საჭიროებს დროში დაკვირვებას. ამ პუნქტებთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ უკვე დაიგვიანა ნაბიჯების გადადგმა და სულ უფრო ცოტა დრო რჩება პრაქტიკაში დაკვირვების საწარმოებლად. დეოლიგარქიზაციის პუნქტი არის ერთ-ერთი ასეთი პუნქტი;
  • ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში ვერ ხედავენ ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ ნებას რომ რეალურად შესრულდეს 12 პუნქტად გაწერილი მოთხოვნები. ასეთი ნების არ არსებობის ერთ-ერთი დადასტურებაა ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, ისევე როგორც ნულოვანი წინსვლა რამდენიმე პუნქტთან მიმართებაში (მართლმსაჯულების სისტემა, საარჩევნო სისტემა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩათვლით, ანტიკორუფციული მიმართულება);
  •  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის უკრაინული ვერსიიდან კოპირებას აფასებენ უკიდურესად არასერიოზულ ნაბიჯად; ის რომ ქართულმა ოცნებამ უარი განუცხადა მათ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნაზე (იმ მოტივით რომ უკრაინას უკვე ჰქონდა გადაგზავნილი), ასევე მიაჩნიათ რეალური დეოლიგარქიზაციის პოლიტიკური ნების არ არსებობად;
  •  ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს აქვთ ევროკომისიის მოთხოვნათა შესრულებაში ქვეყნებისთვის დახმარების გაწევის გამოცდილება, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ამჟამად თავს იკავებენ ექსპერტების ჩართვისგან (მათ შორის საქართველოში გამოგზავნისგან), რადგან ვერ ხედავენ ამ მოთხოვნების შესრულების პოლიტიკურ ნებას ქართული ოცნების მხრიდან და არ სურთ ყალბ პროცესში მონაწილეობის მიღება;
  •  ქართული ოცნების მხრიდან გამოცდილი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოთიშვა 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცესიდან მიაჩნიათ მძიმე შეცდომად, რომელიც სანდოობას უკარგავს მთელს პროცესს; და პირიქით, თვლიან რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილის თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან ამ მიმართულებით არის ერთადერთი სწორი მიდგომა;
  •  ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გააზრებული აქვთ რომ ქართული ოცნება მიმართავს სამ სტრატეგიას, რომლებიც (სამივე) განწირულია წარუმატებლობისთვის:
    – გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება/გატანა და ამის შეფუთვა ისე თითქოს არსებობს 12 პუნქტის შესრულების პილიტიკური ნება. აქცენტი კეთდება ისეთ პუნქტებზე, რომელთა შესრულებაც ოცნების მიერ აღქმულია ნაკლებად პრობლემატურად ძალაუფლების დაკარგვის კონტექსტში;
    – ვაჭრობა ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან რომ ნაწილი პუნქტები ჩაითვალოს შესრულებულად, ხოლო ნაწილ პუნქტებთან მიმართებაში ევროკავშირმა გამოიყენოს ‘რბილი’ მიდგომა და გარკვეული პროცესების ინიცირება ჩათვალოს მიღწეულ წარმატებად (12 პუნქტიდან უნდა შესრულდეს 12-ვე, და შესრულდეს სრულად); –  ევროკავშირის შესაბამის, პასუხისმგებელ სტრუქტურებზე ‘გადახტომა’ და უმაღლეს დონეზე პოლიტიკურად ‘დალაგება’, რისი წარუმატებელი მცდელობაც უკვე ჰქონდა ქართულ ოცნებას ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებამდე.
  •  თავისუფალი და პლურალისტული მედია გარემოს არსებობა მიაჩნიათ ევროკომისიის 12 პუნქტიდან ერთ-ერთ უმთავრეს პუნქტად; ამ მხრივ სისხლის სამართლის საქმეების არსებობა რამდენიმე წამყვანი მედია საშუალების მფლობელის მიმართ, ხოლო მთავარი არხის შემთხვევაში ნიკა გვარამიას პატიმრობა, სერიოზული შეშფოთების საგანია;
  • ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები ყურადღებით აკვირდებიან ქართული ოცნების მიერ წამოწყებულ ანტი-დასავლურ კამპანიას და როგორი ფორმალური გამიჯვნის გზებსაც არ უნდა მიმართონ, ზუსტად ესმით რომ ე.წ. ‘ხალხის ძალა’ ქართული ოცნების ორგანული ნაწილია. მათ რამდენჯერმე განუმარტეს ქართულ ოცნებას რომ თვეების წინ წამოწყებული კამპანია თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვას არის მტკნარი ტყუილი და პარტნიორები არ იქცევიან ისე როგორც ახლა საქართველოს ხელისუფლება იქცევა. მიუხედავად ასეთი განმარტებებისა ქართული ოცნება მაინც აგრძელებს აღნიშნულ კამპანიას, რაც ევროკავშრის შესაბამის სტრუქტურებში აღიქმება კიდევ ერთ დადასტურებად იმისა რომ ოცნება თამაშობს არაკეთილსინდისიერ თამაშს და მას არ გააჩნია ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების რეალური პოლიტიკური ნება;
  • ჩვენი ევროპელი პარტნიორები ფიქრობენ რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი სწრაფი ნაბიჯებით წაიწიოს წინ ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამისთვის საჭიროა ქართული საზოგადოების ერთიანი, მტკიცე და ურყევი ნება, გამოხატული ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან. სამწუხაროდ ასეთ ნებას ამჟამად ვერ ხედავენ ქართული ოცნების მხრიდან და არ აპირებენ თავის მოტყუებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *