მრავალშვილიან ოჯახებზე ₾453.5 მილიონის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი გაიცა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ სექტემბერს განახლებული „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამით, გასული წლის სექტემბრიდან, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრის პერიოდში, 453 მლნ 500 ათასი ლარის სესხი გაიცა.

პროგრამის შედეგებით „ბიზნეს ფორმულა“ დაინტერესდა. როგორც სამინისტროში განგვიმარტეს, ერთ წელში პროგრამით 4 062-მა მოქალაქემ ისარგებლა.

„სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამაში ჩართვა შეუძლია პირს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; ასევე სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამაში ცვლილება შევიდა. კერძოდ, გაფართოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრება.

ცვლილების თანახმად, პროგრამით სარგებლობა შეუძლია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ასევე საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს, რომელიც სესხის აღების მომენტში არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილ(ები)ი/აყვანილი შვილ(ები)ი.

შეგახსენებთ, პროგრამის ფარგლებში ასაღები სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 ათასი ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება 200 ათას ლარს აღემატებოდეს. 

ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამას – „სუბსიდირებული იპოთეკური სესხი“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სუბსიდირებას სესხის გაცემიდან 60 თვის მანძილზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *