მოლინეუსი: გლობალური რეცესია საქართველოზეც აისახება

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა გლობალურ მოვლენებსა და მოსალოდნელ რეცესიას გავლენა საქართველოზეც ექნება.  

“ფაქტობრივად, ბოლო ორი წელია საქართველოში ვხედავთ შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას. წელს 8.8%-იან ზრდას ვპროგნოზირებთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მაღალი იქნება.

მომავალ წელს მართლაც მოსალოდნელია ეკონომიკის შემაფერხებელი ძლიერი მოვლენები, რაც გავლენას ყველაზე, მათ შორის, საქართველოზეც იქონიებს. ნაწილობრივ ეს დაკავშირებული იქნება რეცესიასთან ევროპაში, ასევე სხვა ქვეყნებში”, – ამბობს მოლინეუსი. 

მისივე თქმით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა საბოლოოდ საქართველოზეც აისახება. 

მსოფლიო ბანკმა ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 8.8%-მდე გაზარდა. 

ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის გაუმჯობესება უკავშირდება ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან გაზრდილ შემოსავლებს.

მსოფლიო ბანკში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა სიფხიზლე უნდა შეინარჩუნონ. 

რაც შეეხება 2023 წლის პროგნოზს, საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, მომავალ წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 4.2%-მდე შენელდება, რაც ასახავს 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებას, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებასა და 2023 წელს რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრ ვარდნას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *