“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ხვალინდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს – პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე” -განცხადება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გააკეთა.
მისი თქმით, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი მივა.ასევე მან მოუწოდა პენიტენციურ სამსახურს, რომ ედუარდ სააკაშვილს მამის მოსანახულებლად ხელოვნური ბარიერები არ შექმნას,წინააღმდეგ შემთხვევაში,ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება.
„თავს გრძნობს სუსტად. ღვიძლში ფერმენტები აქვს მომატებული და იმედია, დაარეგულირებენ ამ მაჩვენებელს ექიმები. მიუხედავად ამისა, ის მზად არის ხვალინდელ პროცესზე წარსდგეს. დიდ მადლობას უხდის ყველა ექიმს, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. პრეზიდენტი ბედნიერია, რომ არის საქართველოს ჯარისკაცების გარემოცვაში, თუმცა გულნატკენია იმის გამო, რომ ეს ჯარისკაცები საქართველოს ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფებიდან არიან, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირადი ხელის ბიჭების ხელმძღვანელობით, გულანთებული პატრიოტები, რომელთა რესურსის დახარჯვაც შეიძლება საქართველოსთვის უკეთეს ადგილზე და უფრო მნიშვნელოვანი ინტერესებისთვის. ისინი აქ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებად არიან გამოყენებული, თუმცა პრეზიდენტი მათ მიმართაც ძალიან დიდ სიყვარულს და მადლიერებას გამოხატავს. ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იქნება ბრალდების სკამზე და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასრულებს პოლიტიკურ დავალებას“, – განაცხადა თუთბერიძემ.