მაკა ბოჭორიშვილი – იმ კოლეგებს მსურს მოგმართოთ, ერთმანეთს რომ ეჯიბრებით, ვინ უფრო უკეთ გაალანძღვინებთ საკუთარ ქვეყანას უცხოელ მეგობრებს – თქვენი ქმედებებით აზიანებთ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს

იმ კოლეგებს მსურს მოგმართოთ, ერთმანეთს რომ ეჯიბრებით, ვინ უფრო უკეთ გაალანძღვინებთ საკუთარ ქვეყანას უცხოელ მეგობრებს და დაუფარავი სიხარულით აფრიალებთ სიცრუეზე დაფუძნებულ განცხადებებს და რეზოლუციებს – თქვენი ქმედებებით აზიანებთ საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებს, შეურაცხყოფას აყენებთ ქართველ ხალხს, განწირული ხართ აბსოლუტური მარცხისთვის, იმიტომ, რომ სიცრუეს აქვს ვარგისიანობის ძალიან მცირე ვადა, მაგრამ გამოუსწორებლად აზიანებს რეპუტაციას, – ამ განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა მიმართა.

ბოჭორიშვილის თქმით, თითქმის ხუთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მიენიჭა და პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა ყოველდღიურ რეჟიმში ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მუშაობს.

მისივე განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ინტენსიური კონსულტაციები და კომუნიკაცია აქვთ ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან იმისათვის, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ შეფასდეს და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

“ამავდროულად, შეუძლებელია არ შევაფასო, რამდენიმე ჩვენი კოლეგა პარლამენტარის და მათი ხმაურიანი თანამზრახველების ქმედებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს მომენტში არ წყდება საქართველოს ეროვნული ინტერესებით მანიპულირება, სპეკულაციები და საქართველოს ინტერესების საზიანოდ მთელი რიგი კამპანიების წარმოება.

მავნებლობთ, როდესაც ცდილობთ, ბრიუსელში ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ საქართველო არაფერს აკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, მაშინ როდესაც 1 ივლისიდან დღემდე თქვენი კოლეგა პარლამენტარები ძალისხმევას არ იშურებენ ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობისთვის. ცდებით, როდესაც გგონიათ, რომ პოლიტიკურ ქმედუნარიანობა დაკარგულებს ევროპარლამენტის რეზოლუცია დაგეხმარებათ ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმვაში. სინამდვილეში ქართველი ხალხის მოტყუება შეუძლებელია.

ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერავის დავავალდებულებთ ისე, როგორც ეს ჩვენ გვევალება, მოვალეობის გარდა განსაკუთრებული სიამოვნებაა საკუთარი ქვეყნის გულწრფელი მსახურება – სცადეთ, იქნებ შედეგიც მივიღოთ უკეთესი“, – მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს მაკა ბოჭორიშვილმა.

ადვოკატი:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *