კიდევ ველოდები, ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ ბრიუსელში, ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს – ზურაბიშვილი 12 პუნქტის შესრულებაზე

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს ევროკომისიის მიერ მოცემული 12 რეკომენდაციის შესრულება და აღნიშნა, რომ ელოდება ამ საკითხზე, ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტს ბრიუსელში: 

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში ხელისუფლების პასუხისმგებლობა, თუმცა არანაკლები როლი დააკისრა ოპოზიციასაც:

“უნდა დაიწყოს მუშაობა. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ჯერ ერთი ბრიუსელში, სადაც მე კიდე ველოდები, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები წავიდნენ, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთ დეტალი, როგორ უნდა შესრულდეს ნაწილი ამ პუნქტების, უნდა დაიწყოს პარლამენტში და მე ამისთვს მოვაწერე ხელი საზაფხულო სესიის დანიშვნის განცხადებას, რამეთუ როცა გვაქვს 6 თვე, სრულიად გაუგებარია და მე მგონი ევროპარლამენტარი მეგობრებისთვსაც გაუგებარია, რომ ჩვენ არ დავიწყოთ ახლავე მუშაობა.

ერთად მუშაობა ნიშნავს პარლამენტში, სესიის ფორმით, კომიტეტებში, ან პლენარულ სხდომაზე და ასევე ხელისუფლების მიერ, უმრავლესობის მიერ წარდგენილ სამუშაო ჯგუფებში. ყველამ ყველგან უნდა იმუშაოს. იმაზე უარის თქმა და ამაზე კი, არ გამოვა ასე. თუ ჩვენ რეალურად გვინდა ის, რასაც რეალურად უჭერს მხარს ჩვენი საზოგადოების 85%” თქვა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია იმყოფება, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი დევიდ მაკალისტერი ხელმძღვანელობს. მის შემადგენლობაში ასევე არიან, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ტერი მარიანი და ასიტა კანკო. 

საქართველოში ვიზიტი მათ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს. ევდროდეპუტატები ასევე შეხვდებიან მმართველი გუნდის წევრებს, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს. 

შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა სწორედ ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *