“ევროკავშირის მომხრე ქართველები “სატანისტები” არ არიან. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მომავლისთვის” – ამ სათაურით აქვეყნებს ლევან ხაბეიშვილის სტატიას გამოცემა Euronews.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე წერს, რომ მსოფლიო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოდან ორი ძლიერი ფაქტის მომსწრე გახდა – ერთმა ბევრი ადამიანი აავსო იმედით და თავისუფლების რწმენის ნამდვილი ძალა აჩვენა, მეორე კი სიძულვილის გამოსახულება იყო, რაც ყველასთვის, ვინც ავტორიტარიზმის საფრთხეს ხედავს, შეშფოთებისა და შიშის მიზეზი გახდა. ხაბეიშვილი წერს, რომ ორივე მათგანში ევროკავშირის დროშა ფიგურირებდა.
გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:
“ევროპული საქართველოს სიყვარული VS ანტიევროპული საქართველო
გასულ კვირას, როდესაც თბილისის ქუჩებში ათიათასობით მომიტინგე გამოვიდა ერთი პარტიის მხრიდან საქართველო-ევროკავშირს შორის უფსკრულის გაჩენის აშკარა მცდელობის გამო, ერთი ქალი იდგა, დროშა ამაყად ეჭირა და იბრძოდა წყლის ჭავლის წინააღმდეგ, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა.
ის იყო ერთ-ერთი იმ მრავალთაგან, ვისაც ევროპული საქართველოს სიყვარული ამოძრავებდა და თავისი პრინციპების დაცვის არ ეშინოდა.
მეორე ფაქტი კი სამშაბათს მოხდა – ხალხის ბევრად მცირე ნაწილმა, რომელიც ანტიევროპულ რიტორიკას ავრცელებდა, ჩამოხსნეს პარლამენტის წინ მოფრიალე ევროკავშირის დროშა და დაწვეს. ისინი რადიკალური კონსერვატიული მოძრაობის ნაწილი იყვნენ, პრორუსული ჯგუფის, რომელიც უკვე პასუხისმგებელია 2021 წლის ივლისში, თბილისში ანტი-LGBT განხორციელებულ ძალადობაზე და აშკარა კავშირში იყო ხელისუფლებასთან.
რეალურად კანონდამრღვევი ადამიანების მიმართ პოლიციის რეაქცია სათანადო არ ყოფილა. ამან კი აჩვენა მკვეთრი განსხვავება იმაში, როგორ რეაგირებდა ხელისუფლება ორივე მოვლენაზე.
უცხოური აგენტების კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირის გზას დაასრულებს
სწორედ ამაში მდგომარეობს ის, რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტში, რომლის დამტკიცებასაც პარლამენტი პროცედურული ხრიკებით ცდილობდა და არ ითვალისწინებდა არავის აბსოლუტურ წინააღმდეგობას, ვინც ქართულ დემოკრატიაზე ზრუნავდა.
ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მას საერთო არაფერი ჰქონდა „უცხოური გავლენის პრევენციასთან“. ასე რომ ყოფილიყო, დღეს საქმე არ გვექნებოდა ღიად პრორუსულ ჯგუფებთან, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენს დაშორებას დასავლეთიდან.
კანონპროექტი სხვა არაფერი იყო, თუ არა ერთი მხარის ბერკეტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის გასაკონტროლებლად და ამით საქართველოს ევროპული გზის დასასრულებლად.
კანონპროექტის უკან ლოგიკა არ იყო და მისი მიღების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. საპროტესტო აქციებმა დიდი გამარჯვება მოიპოვა – მმართველი პარტია “ქართული ოცნება” იძულებული გახდა, ჩაეგდო და გაეუქმებინა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ”.
სტატიაში ლევან ხაბეიშვილი შეეხო პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ აქციაზე მისული აქტივისტები “სატანისტები” იყვნენ.
“მოდით მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სანდო მეგობარი, ისეთი სტაბილური პარტნიორი, როგორიც ევროკავშირია და ჩვენი ეროვნული იდენტობა ნიშნავს, რომ ყველა თაობას აქვს ვალდებულება, იბრძოლოს ევროპულ ოჯახში შვენი მომავლისთვის. მისი სიტყვები არაა ქართველი ხალხის” – წერია სტატიაში.
ხაბეიშვილი ასევე წერს, რომ კანონპროექტის გაუქმების შემდეგ “ჩვენ ვხედავთ საფრთხეს მთავრობის მიერ გათამამებული პრორუსული ჯგუფისგან, ვინც, შესაძლოა, დესტაბილიზაცია და სიძულვილის აღძვრა სცადონ”.
ადვოკატი/advokati