დევიდ მაკალისტერი: ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე

ევროკავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად განგვეხილა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს წინაშე დევს. საქართველოში ვიზიტი არის სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ვიზიტის ნაწილია, ჩვენ შევხვდებით პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს, პარლამენტის სპიკერს, პრემიერ-მინისტრს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. რა თქმა უნდა, ძირითადად ვისაუბრებთ საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში მიღებული გადაწყვეტილება იყო მართლად ისტორიული. ითქვა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს არის აღიარება იმისა, რომ ევროპარლამენტი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზად არის, საქართველო ევროკავშირს დაუახლოოს. საქართველო ევროპული ოჯახის წევრია, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები, რათა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პრეზიდენტთან განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გვერდზე გადადოს განსხვავებები და კონსტრუქციულად იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად. სამწუხაროდ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე ერთი სიტყვა – პოლარიზაცია. ეს არის პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით, იმის სურვილის არქონით, რომ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად. ევროკავშირი ყოველთვის აქტიურად მოუწოდებდა დაპირისპირებულ მხარეებს, რომ რამენაირად მიაღწიონ შეთანხმებას იმ ძირითად რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე და კანონის უზენაესობის გაძლიერებაზე, რაც საქართველოსთვის ასე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად და რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას. ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ეს არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება დამოკიდებულია ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს იმას, რომ იცხოვროს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში“, – აცხადებს მაკალისტერი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *