ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მიიჩნევს

კი, მივიჩნევ, – ასე უპასუხა სახალხო დამცველობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ანა აბაშიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის კითხვას, მიიჩნევს თუ არა ის, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხისმგებლად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის.

ანა აბაშიძემ ერთ-ერთი მაგალითი მოიყვანა და დასძინა, რომ მას შეუძლია ადამიანის უფლებების დარღვევის ბევრი სხვა შემთხვევა გაიხსენოს.

„უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში, როდესაც მან სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მოსწავლე, მერვე კლასელი, აი ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილმა 53-ე სკოლის დირექტორმა, მაშინდელმა განათლების მინისტრმა და ა.შ., თუმცა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა “ხულიგანი” ეძახა. მათ შორის, მე ვიყავი ავტორი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების და მაშინდელმა სახალხო დამცველმა რეკომენდაციაც გასცა და მიხეილ სააკაშვილის ქცევა ძალიან ნეგატიურად იქნა შეფასებული და ჩემი შეფასებით, ყველაზე არაეთიკური და ბავშვზე არაორიენტირებული სკოლის დირექტორი იყო. ეს ერთი შემთხვევაა. მე შემიძლია ბევრი სხვა შემთხვევა ჩამოგითვალოთ“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ამასთან, სახალხო დამცველობის კანდიდატმა ისაუბრა იმაზე, რომ არ აქვს პოლიტიკური სიმპათიები და ეს არც არასდროს ჰქონია.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, ვერ ხედავს პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც შეიძლება მისი გემოვნება, ხედვები და დამოკიდებულება პოლიტიკასთან მიმართებაში ისე წარმოაჩინოს, როგორც ეს მას სურს.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ მე პოლიტიკური სიმპათიები არავის მიმართ არ მაქვს. ეს მთლად კარგი არ არის. პრაქტიკულად, ამ წუთას ვერ ვხედავ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელმაც შეიძლება ჩემი გემოვნება, ჩემი ხედვები და დამოკიდებულება პოლიტიკასთან მიმართებაში ისე წარმოაჩინოს, როგორც მე ეს მინდა. [სიმპათიები] არც ადრე მქონია, თუმცა, მე პატივს ვცემ პოლიტიკური ჯგუფების ცალკეულ წევრებს, რომელთანაც ხან მეგობრობა, ხან თანამშრომლობა და ხან მეზობლობა მაკავშირებს. მაგრამ პოლიტიკოსების ხედვები და პოლიტიკა ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, სამწუხაროდ“, – განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *